რამდენიმე მიზეზი,  რატომ უნდა მისცე ახალშობილს ხსენი!

რჩევები პედიატრ თამარ ობგაიძისგან.

დედის რძე ცოცხალი ნივთიერებაა, რომლის შემადგენლობა მარტო დაბადების შემდეგ დღეებში კი არა, კვებიდან კვებამდე იცვლება და ზუსტად თანხვდება ჩვილის მოთხოვნილებებს.

კომპიუტერული სისტემების და კოსმოსის ერაში გასაკვირი ისევ რჩება დედის რძის თავისებურებები, რომლის ზუსტი ანალოგი კაცობრიობამ ვერაფრით შექმნა.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

როგორ იცვლება ქალის რძე ბავშვის დაბადების მერე?

ორსულობის ბოლოს სარძევე ჯირკვლებში ყვითელი ფერის ბლანტი სითხე – ხსენი წარმოიქნება. რატომ ყვითელი? იმიტომ, რომ ის მდიდარია ბეტა-კაროტინითა და პიგმენტი ლიპოქრომით.

ხსენი „მწიფე რძისაგან” მკვეთრად განსხვავდება:

შეიცავს ცილებისა და მარილების ჭარბ რაოდენობას, შაქარი და ცხიმი მასში შედარებით ნაკლებია.

ნატრიუმისა და მაგნიუმის მარილების სიჭარბე ხელს უწყობს ნაწლავის სწრაფ დაცლას პირველი განავლისაგან, რომელიც სანაყოფე წყლითა და ნაწლავების ჩამოფქცვნილი უჯრედებითაა წარმოდგენილი.

დიდი რაოდენობით შეიცავს B1, B12, C, E, A ვიტამინებს…

ძალიან კალორიულია. განსაკუთრებით კი პირველი დღის ხსენი, რომლის 1 ლიტრში 1500 კკალ ენერგიაა. მშობიარობის პროცესში დაღლილ ახალშობილს ეს ენერგია ძალიან სჭირდება.

ხსენი შეიცავს  ლეიკოციტებს, ლიმფოციტებს, მაკროფაგებს, რომლებიც ნაწლავის შიგნით იმუნიტეტის ფორმირებას უწყობენ ხელს.

მაგრამ მთავარი მისი მთავარი  სიმდიდრე მზა ანტისხეულებია, რომლებიც ინფექციების თავიდან აცილებაში გვეხმარება.

პრაქტიკულად, ხსენი ის პირველი ვაქცინაა, რომელსაც ახალშობილი დაბადებიდან პირველივე წუთებში იღებს.

ამავე დროს ის ადვილი მოსანელებელია ახალშობილის უმწიფარი კუჭ-ნაწლავისათვის.

შეიცავს ბიფიდუმფაქტორს, რომელიც ხელს უწყობს ჩვილის ორგანიზმში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას.

ხსენის შემადგენლობაში კიდევ ერთი განსაკუთრებული ნივთიერებაა – ლაქტოფერინი, რომელიც პატარას ავი მიკროორგანიზმებისაგან იცავს.

ნუ შეგაშინებთ ხსენის სიმცირე – შენი პატარას კუჭიც ხომ ერთიბეწოა და ამ ჯადოსნური პროდუქტის მცირე რაოდენობა მისთვის სრულიად საკმარისია.

ასევე დაგაინტერესებთ: მითები და რეალობა ძუძუთი კვების შესახებ!

მოკლედ, ხსენი ნამდვილი სუპერპროდუქტია, რომელიც ახალშობილს აუცილებლად უნდა მისცეთ!

ლაქტაციის მე-3 დღიდან გამოიყოფა ხსენიანი რძე, მე-4-5 დღიდან გარდამავალი რძე. მეორე კვირიდან წარმოქნილ რძეს „ მწიფე რძეს“ ვუწოდებთ.

 

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები