მოუსვენრობა, ჰიპერაქტიურობა, ჭირვეულობა, როდის უნდა მივმართოთ ექიმს 

კლინიკა „ენმედიცის“ ბავშვთა ნევროლოგმა ეკატერინე ჩუბინიძემ,  ბავშვთა  ნევროლოგიურ დარღვევებზე გადაცემაში ,,პულსი” ისაუბრა.

რა ჩივილებით მოგმართავენ პატარების მშობლები?

ნერვული სისტემის ჩამოყალიბების პროცესი ჯერ კიდევ ემბრიონული განვითარების ადრეულ ფაზაში იწყება და გრძელდება დაბადების შემდგომაც. სინდრომები, ჩივილები და სიმპტომები სხვადასხვა ასაკისათვის განსხვავებულია. მაგალითად, 0-1 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელმა შესაძლოა მოგვმართოს ისეთი ჩივილებით, როგორიცაა ბავშვის მოუსვენრობა, ჩაძინების და ძილის უწყვეტობის პრობლემა,ზედმეტი აქტიურობა ან პირიქით, ზედმეტი მოდუნება, ჭირვეულობა. მინდა აღვნიშნო, რომ სასურველია ამ ასაკში სპეციალისტის მიერ კონტროლდებოდეს ბავშვის  ნეირო და ფსიქომოტორული განვითარების პროცესი მიუხედავად იმისა, არის თუ არა რაიმე სახის ჩივილები.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ორი წლის ასაკიდან იწყება უკვე მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები, ქცევით-ემოციური ტიპის პათოლოგიები.

3-4 წლის ასაკიდან და ზემოთ გვხვდება სწავლასთან და გარემოსთან ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები, მეტყველებისას ბორძიკი და ა.შ.

ასაკობრივი კატეგორიების გათვალისწინებით რა უნდა გააკონტროლოს და შეამოწმოს ექიმმა-ნევროლოგმა 0-დან 1 წლამდე ასაკის პატარებში?

ძირითადად ეს არის ნეირო-მოტორული და ფსიქო-მოტორული განვითარების შეფერხება. ორი წლის ასაკიდან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სამეტყველო გარემოს.

ძილის რეჟიმის დარღვევა,  ე.წ. დღე-ღამის შენაცვლება, როდესაც ბავშვს დღე სძინავს და ღამით ღვიძავს, თქვენ ახსენეთ ასევე ჭირვეულობაც. სად გადის ზღვარი, რომლის შემდეგაც მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში? როდის არის სპეციალისტის ჩარევა აუცილებელი?

როგორც აღვნიშნე, ამ ასაკში რეკომენდირებულია ბავშვი იყოს ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმის მიუხედავად, არის თუ არა ჩივილები. რადგან ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ინდივიდუალურად დგინდება ბავშვისთვის არის თუ არა რამე საშიში.

 დედის დეფიციტი ბავშვებში საკმაოდ გავრცელებულია. მიუხედავად იმისა,რომ დედა საკმარის ყურადღებას იჩენს, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის ფიზიკურად ვერ იმყოფება შვილთან გარკვეული დროის განმავლობაში. რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ბავშვზე ნევროლოგიური კუთხით?

ცალკეული პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც კონკრეტულად დედის დეფიციტი იწვევს, არ არსებობს. მაგრამ იმ მრავალი ფაქტორიდან რაც იწვევს ბავშვებში ნევროლოგიურ დარღვევებს,  სხვებთან კომბინაციაში გვევლინება დედის დეფიციტის ფაქტორიც. ამით შესაძლოა გამოწვეული იყოს მეტყველების დარღვევები, ჩაკეტილობა, ფსიქო-ემოციური ტიპის დარღვევები. ყველა პაციენტი ინდივიდუალურია , ამიტომ ანამნეზის შეკრება ხდება ინდივიდუალურად პაციენტსა და მშობლებთან ინტერვიუს შემდეგ.

   რას ურჩევდით დედებს, რომლებიც დასაქმებულები არიან და ამის გამო მაინც უწევთ გარკვეული დროით ბავშვის დატოვება?

ვურჩევდი მეტ სამეტყველო კონტაქტს ბავშვთან. დედასა და შვილს შორის სამეტყველო კონტაქტი ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას იწყება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დედის ხმა ნაყოფს უფრო დაცულად აგრძნობინებს თავს და ეს დაბადების შემდეგ ძალიან ბევრ რამეზე აისახება დადებითად.

                                                         მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები