მე, შენ და ჩვენი ოცნება – ემიგრანტი დედების სევდა…

მიგრანტობა ყველაზე ემოციური საკითხია მათ შორის, რაზე საუბარიც შეიძლება. მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნიდან წასვლის შესახებ თან ისე, რომ არ იცი უკან როდის დაბრუნდები, ძალიან ძნელია – უკან გრჩება ოჯახი, მეგობრები, პროფესია, ქალაქი და ქვეყანა. თუმცა სირთულის მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში ეს აუცილებლობა და გარდაუვალი მოვლენაა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ქვეყნიდან სამუშაოდ წასულების დარდი, სევდა და სიხარული – ამასთან დაკავშირებით საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მიგრანტი მაკა ჯანჯღავა ისაუბრებს.

– მაკა, რამდენიმე სიტყვით თქვენს შესახებ…

– გამარჯობა. მე ვარ  მაკა ჯანჯღავა, ემიგრანტი. ამჟამად ვიმყოფები საბერძნეთში,  კერძოდ თესალონიკში.

– მაკა, როდის მიიღეთ გადაწყვეტილება ქვეყნიდან წასვლის შესახებ?

– ვარ მარტოხელა დედა, მყავს ერთი შვილი, რომელსაც მინდა, ვასწავლო, შევუძინო საკუთარი კერა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე,  წამოვსულიყავი ემიგრაციაში და შვილისთვის გამეკეთებინა ყველაფერი, რასაც შევძლებდი.  2017 წლის 26 დეკემბერს უკვე საბერძნეთში ვიყავი და მესამე წელია სასურველ შედეგს ნაბიჯ-ნაბიჯ ვძერწავ.

– რამდენად რთული იყო იმის გააზრება, რომ გაურკვეველი ვადით ვერ ნახავდით ოჯახის წევრებს და ახლობელ ადამიანებს?

– ძალიან რთული იყო ამის გააზრება. დავტოვე 6 წლის შვილი,  მშობლები და  არ ვიცოდი, როდის დავბრუნდებოდი, ან რამდენად გავუძლებდი ამ ყველაფერს.

– რა სიხშირით ახერხებ ოჯახთან კომუნიკაციას და შეიცვალა თუ არა მათი დამოკიდებულება თქვენდამი ან/და პირიქით?

– რთული სამსახურის და გადატვირთული გრფიკის  მიუხედავად  ვცდილობ,  ხშირად დავურეკო მათ. დამოკიდებულებას რაც შეეხება, ამ ყველაფერმა უფრო დაგვაახლოვა და მგრძნობიარეები გაგვხადა.

– რა სახის დისკომფორტი შეგექმნათ უცხო ქვეყანაში ჩასვლისას?

– ჩემთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი იყო  მოხუცთან მუშაობა, რადგან ამის გამოცდილებაც არ მქონდა. მაინც არ მასვენებდა ის უხეში განცდა და ფიქრები, რომ აბსოლუტურად უცხო ადამიანს  უნდა მოვმსახურებოდი.

– არის თუ არა სამუშაო პირობები მისაღები და ანაზღაურება შესაბამისი ?

– ახალი ჩამოსული რომ ხარ, სამუშაოს შოვნა ძალიან ძნელია, თან თუ ადგილობრივების სასაუბრო ენა არ იცი. ანაზღაურებას რაც შეეხება,  ჩვენ შრომას ჩვენ არ ვაფასებთ და შესაბამისად არც აქაურები გვიფასებენ. იძულებული ვარ, დავთანხმდე იმ შემოსავალს,  რაც შემომთავაზეს,  რადგან აქ წამოსვლისას სხვა მიზანი ისედაც არ მქონდა. ამ შემთხვევაშიც ჩემს ოჯახს საქართველოში ძალიან ვეხმარები.

– მიუხედავად მიგრანტობის “გვერდითი მოვლენებისა”, რა სახის სიკეთე ახლავს თან ამ ყველაფერს, რამდენად გაუმჯობესდა თქვენი ფინანსური მდგომარეობა და გაქვთ თუ არა ის შედეგი, რასაც ელოდით?

– ის შედეგი ნამდვილად არ მაქვს, რასაც ველოდი, თუმცა  სიკეთე ის არის, რომ, ასე თუ ისე, არჩევანის და შესაძლებლობის ფართო ასორტიმენტი მაქვს.

– ყველაფრის გათვალისწინებით, ნანობთ თუ არა მიღებულ გადაწყვეტილებას და საშუალების შემთხვევაში რას შეცვლიდით მასში?

– ვნანობ იმას, რომ მოვწყდი ოჯახს და წამოვედი. შევცვლიდი ყველაფერს ოღონდ ჩემ შვილთან ვიყო და მის გაბედნიერებაში წვლილი ისე შევიტანო, არ მენატრებოდეს.

– რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც უკვე ქვეყნის დასატოვებლად ემზადება?

– ვურჩევდი, თავიანთ  სამშობლოში ეძიონ საკუთარი თავი, რა თქმა უნდა,   თუ უკიდურესად არ გაუჭირდათ.  ემიგრანტობა ერთ-ერთი ურთულესი ნაბიჯია.

– ძალიან დიდი მადლობა გულახდილობისთვის.

                                                                                                მასალა მოამზადა თაკო ადამიამ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები