მასწავლებლის როლი ბულინგის პრობლემის გადაჭრაში

სკოლაში ბულინგის შემთხვევების არიდება, აღკვეთა მასწავლებლის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. თუმცა, ხშირად მასწავლებლისთვის რთულია ბულინგის პრობლემასთან გამკლავება, რაც რამდენიმე საგულისხმო ფაქტორით არის განპირობებული:

• ბულინგის ამოცნობას ართულებს ის, რომ ჩვენ ხშირად ერთმანეთისგან ვერ ვანსხვავებთ ბულინგს თამაშით ჩხუბისა (ძიძგილაობა) და ნორმალური კონფლიქტებისაგან (უთანხმოება მეგობართა შორის). ხდება ისეც, რომ ნამდვილ აგრესიას თამაშად მივიჩნევთ.
• ბულინგთან გამკლავების შესაძლებლობას ართულებს მცდარი შეხედულებები. არცთუ იშვიათად, ბულინგი ბავშვის განვითარების ბუნებრივ, არასაგანგაშო გამოვლინებად მიიჩნევა (“გაიზრდება და აღარ გააკეთებს”, “ბიჭები მაინც ბიჭები არიან”, “უბრალოდ, ყურადღებას ნუ მიაქცევ” და სხვა).
• ბულინგი ხშირად დაფარულია. როგორც წესი, ბავშვები არ გვატყობინებენ ბულინგის შემთხვევების შესახებ.
• ხშირად ჩვენ არ ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ბულინგს.

მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ კლასის უსაფრთხო გარემო არის საუკეთესო გარემო ბავშვების ეფექტური სწავლებისთვის. კარგი მასწავლებელი:

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

• გაკვეთილზე ზრუნავს არა მხოლოდ ცოდნის გადაცემაზე, არამედ უსაფრთხო გარემოს შექმნაზე;
• ამჩნევს ბულინგის გამოვლინებებს და სათანადოდ რეაგირებს მათზე;
• ამჩნევს ჯგუფიდან გარიყულ და მოწყენილ ბავშვს;
• არკვევს ბავშვის ასეთი ქცევის ან ემოციის მიზეზებს;
• მხარს უჭერს დაჩაგრულ ბავშვს და ცდილობს ბულინგის შეჩერებას;
• ეხმარება ბავშვს რეაგირების სათანადო საშუალებების პოვნაში, როცა მას ვინმე ჩაგრავს – არ ეუბნება, რომ ბავშვმა უბრალოდ არ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება, ან რომ თავი უნდა დაიცვას და სამაგიერო გადაუხადოს;
• ეხმარება აგრესორ ბავშვს ქცევის შეცვლაში;
• იძლევა სათანადო ქცევის მაგალითს.

ასევე დაგაინტერესებთ: გარდატეხის ასაკი და ბავშვებთან ურთიერთობის სირთულეები – ფსიქოლოგი გვირჩევს!

რა რჩევა შეიძლება მივცეთ  მასწავლებლებს:
1. გააგებინეთ ბავშვს, რომ თქვენ არავითარ შემთხვევაში არ მოითმენთ მის აგრესიულ ქცევას, მიუხედავად იმისა, თუ ვისზეა ის მიმართული. დააწესეთ სავსებით კონკრეტული და მკაცრი შეზღუდვები, რომლებსაც მიმართავთ ბულინგის გამეორების შემთხვევაში.
2. ასწავლეთ ბავშვს დასახული მიზნების მიღწევის კონსტრუქციული მეთოდები, ამა თუ იმ პრობლემის არაძალადობრივი გზით გადაჭრის წესები და ხერხები. დაამუშავეთ ამგვარი ხერხები თქვენსა და ბავშვს შორის ურთიერთობის მაგალითზე.
3. იყავით პოზიტიური ქცევის მაგალითი. თქვენზე დაკვირვებით, ბავშვი გარემომცველებისადმი კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას, გარემომცველთა პატივისცემას ისწავლის. შექმენით სიტუაციათა მოდელები, რომლებიც იმ სიტუაციათა მსგავსი იქნება, სადაც ბავშვმა აგრესია გამოავლინა. მოახდინეთ პრობლემის გადაჭრის და სასურველი მიზნის მიღწევის სხვა გზების დემონსტრირება, გარემომცველთა მიმართ ფსიქოლოგიური (მუქარა, შეურაცხყოფა) ან ფიზიკური ძალადობის გარეშე.
4. გააძლიერეთ კონტროლი ბავშვზე. იყავით მასთან ახლოს, როცა სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობს. წაახალისეთ მისი მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში, თვითშემოქმედების წრეებში, სხვა კლასგარეშე საქმიანობებში. ამგვარი დატვირთვა ხელს შეუწყობს ბავშვის მოჭარბებული ენერგიის ცივილიზებული და სოციალურად უსაფრთხო გზით დახარჯვას და მნიშვნელოვნად შეამცირებს მის აგრესიულობას.
5. რთულ შემთხვევებში მიმართეთ სპეციალისტ-ფსიქოლოგს. არსებობს სპეციალური მეთოდიკები, რომლებიც დაეხმარება ბავშვს მისი აგრესიული ქცევის მიზეზების გარკვევაში, აგრეთვე ამ პრობლემების მართვისა და რეგულირების სხვადასხვა ხერხის ათვისებაში.

როგორ უნდა მოხდეს კლასში ბულინგის შემთხვევების განხილვა?
კლასში ბულინგის შემთხვევების განხილვისას მნიშვნელოვანია “არაბრალდებითი პოზიციის” დაცვა – არა იმის ძიება, თუ ვინ არის ამ სიტუაციაში დამნაშავე, არამედ იმის გარკვევა, თუ რა მოხდა, რა როლი შეასრულა სიტუაციაში მონაწილე თითოეულმა ბავშვმა. განხილვაში შეიძლება ყველა ბავშვი მონაწილეობდეს – “აგრესორიც”, მსხვერპლიც, დამკვირვებლებიც. მაგრამ თუ აგრესორს და მსხვერპლს არ სურთ სიტუაციის განხილვაში მონაწილეობა, მას განვიხილავთ მხოლოდ დამკვირვებლებთან ერთად.
ბულინგზე დამკვირვებელ ბავშვებთან საუბარი მათ დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ, თუ რა მოხდა, მათი როლი როგორი იყო, და როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო, ასევე, გაითვალისწინონ, თუ როგორ შეუძლიათ მოიქცნენ ანალოგიურ სიტუაციაში. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბავშვების მხარდაჭერა და წახალისება, რომლებიც ცდილობდნენ ბულინგის შეწყვეტას და მსხვერპლი ბავშვის დახმარებას.
                                                                                         მასალა მოამზადა ნათია ხარბედიამ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები