მარტოხელა დედა, რომელმაც ბედნიერება შვილსა და ხელოვნებაში იპოვნა!

ადამიანებს ერთი მეტად უცნაური თვისება გვაქვს, რომ თავად ვართ უცნაურნი. ვნატრობთ თოვლს, მაგრამ სიცივეს გავურბივართ… გვიყვარს წვიმა, მაგრამ დასველებას ვერიდებით. გულში უდიდეს სითბოს ვატარებთ, მაგრამ გამოხატვისთვის შესაბამის სიტყვებს ვერ ვპოულობთ. გვაშინებს სიბერე… გვგონია, რომ ნაოჭებზე ფეხს წამოვკრავთ, ან ჭაღარის ნამქერზე ფეხი დაგვიცდება… გვაშინებს დიდი მომავლის გეგმები, თუმცა გვავიწყდება, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე.

ოკეანის ფსკერივით ამოუცნობია ადამიანის შინაგანი სამყარო. ცხოვრების მოულოდნელი ზვირთები მიგვანარცხებს ხოლმე ამაღლებულ კლდოვან ზედაპირზე, მაგრამ… თუ ძლიერი ხარ, არ ეცემი, პირიქით,  უფრო ძლიერდები და ცხოვრება გიზიდავს. ოცნებობ, გეგმავ, გიხარია და ხელახლა იწყებ  განცდას. ასე მოხდა ნინოს შემთხვევაშიც, როცა პატარა შვილით მარტო, სამსახურისა და შემოსავლის გარეშე აღმოჩნდა…

წლების წინ დედამ დიდი თეფში მომცა, რამეში თუ გამოიყენებ გქონდესო. მახსოვს, კარგახანს ვუყურებდი და მივხვდი, რომ ოკეანის ფსკერი უნდა გამეკეთებინა. ვცადე და, ჩემდა გასაკვირად, ძალიან ლამაზი და უცხო გამოვიდა. შემდეგ ამ თეფშს მოჰყვა მეორე თეფშიც…“

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

მარტოხელა დედაა. სამწლინახევრის შვილთან ერთად ნინო თბილისიდან უცხო გარემოში გადავიდა და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყო. ამ პერიოდის გახსენება, რომელიც მარტომ გასწია, მისთვის რთული აღმოჩნდა  –„მივატოვე ქალაქი და რაიონს შევაფარე თავი“. თბილისთან შედარებით ქ.ვანში ცხოვრება რთულია, რიტმი საგრძნობლად ნელი და ჭირს შეგუება, მაგრამ ეჩვევი, გაჩვევს ის ვითარება, რისთვისაც ცხოვრება ღირს.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ცხოვრებიდან მიდიან, მაგრამ გვიტოვებენ რაღაც ფასეულს, მნიშვნელოვანი აზრის მატარებელს, ალბათ მიზანს, რომლისთვისაც სრულიად ყველაფერი ღირს.

სიყვარული ხომ თავად ღმერთია და ღმერთისგან ბოძებული ნიჭი ადამიანშია. დედობა კი სიყვარულის უმაღლესი მწვერვალია, რომლის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელი და აზრს მოკლებულია.

ნიკუშა სამ წლინახევრისაა,  საკმაოდ ჭკვიანი და ცელქი ბიჭი. ნინო კვირაში ერთ დღეს ისვენებს, თუმცა, სულ ცდილობს, დამღლელი დღის მიუხედავად დრო მასთან გაატაროს.

-„როცა ბევრი სამუშაო არ მაქვს, ხშირად სამსახურში, ჩემთან ერთად არის. თუნდაც ახლა, ამ წამს, როცა ინტერვიუს ვწერთ“.

ქალაქიდან გადასვლა რთული აღმოჩნდა, მაგრამ ყოველივემ ორმაგი ძალით შეუწყო ხელი  დიდი ხნით  მივიწყებული საქმის გახსენებას. ნინო ბავშვობიდან ცეკვავდა, შემდეგ ცეკვას ხატვის სიყვარული შეემატა. ხელოვნებისადმი დაუოკებელ  სიყვარულს  ყოველთვის გრძნობდა.

იცოდა, რომ ხელოვანი იყო, მაგრამ ქალაქის ცხოვრება, გიჟური რიტმი, სამსახური – არ აძლევდა იმის საშუალებას, საყვარელი საქმით დაკავებულიყო. ამჟამინდელი პროფესიაც – ვიზაჟი  სილამაზისა და შემოქმედების ერთგვარი სინთეზია.

მისი ჰობი კი – დამატებითი შემოსავლის წყაროს გარდა თვითგამოხატვა და სულის ნაწილია. იდეა იმ წამსვე იბადება ახალი და ამოუცნობი ნივთის შესაქმნელად.

ხატავს ყველაფერზე – ტილოზე, თეფშებზე, ქვებზე… იყენებს ყველანაირ საშუალებას (საღებავს, თიხას, აკრილს, წებოს, ხავსს…) ახალი არტის, ხანაც უბრალოდ სამკაულის შესაქმნელად… და არა მარტო ხატავს, ის წერძავს, აშენებს მინიატიურულ სახლებს, წისქვილებს – საბოლოო ჯამში კი საოცრებები იქმნება!

მომავლის გეგმები დიდია, თანაც ასრულებადი. სურს, ჰობი დიდ საქმედ აქციოს, გამოფენა მოაწყოს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ფართო საზოგადოებამ გაიცნოს, როგორც ხელოვანი მარტოხელა დედა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად არ უშინდება და თავს ართმევს ცხოვრებისეულ სირთულეებს.

მიზნისაკენ პირველი ნაბიჯები რთული, მაგრამ შესრულებადია. დიდი შრომის და თავდაუზოგავი ენერგიის წყალობით, უშიშრად ცდილობს საკუთარი დიდი სურვილის განხორციელებას.

                                                                         სტატიის ავტორი: ნუცი მეხრიშვილი

 

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები