გარდატეხის ასაკი და ბავშვებთან ურთიერთობის სირთულეები – ფსიქოლოგი გვირჩევს!

ბავშვობის მძაფრი შთაბეჭდილებები და მოგონებები დაუვიწყარია. ამ ასაკში ცხოვრებისადმი აღქმაც განსხვავებულია და ფსიქოლოგთა დასკვნებსაც ერთი მოსაზრებისკენ მივყავართ, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენსავე ბავშვობაზე დგას.

მოზარდობის, ანუ გარდატეხის ასაკი მეტად რთულ პროცესებს მოიცავს და გარკვეულწილად საპასუხისმგებლოა. შესაბამისად,მშობლები ბავშვებში დაწყებულ ემოციურ ცვლილებებსა და მისგან წარმოქმნილ პრობლემებს შიშით ელოდებიან.

მოზარდი საკუთარი თავის პოვნისა და თვითდამკვიდრების პროცესშია. იცვლება სხეულის ფორმა, კანის სტრუქტურა, ემოციური დისბალანსი,რაც  საკუთარი თავის გაუცხოებას წარმოშობს. იმდენად სწრაფად იცვლება სხეული, ემოციური და სოციალური გარემო, რომ ზოგ შემთხვევაში მშობელსა და მოზარდს სათანადო ადაპტაცია უჭირთ.

როდის იწყება მოზარდობის, ანუ გარდატეხის პერიოდი, უმკლავდებიან თუ არა ბავშვები საკუთარ გარეგნობასა და გრძნობებში დაწყებულ ცვლილებებს და რა როლს ასრულებს ფსიქოლოგი, ამის შესახებ ვესაუბრეთ ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის „დიალოგის“ ფსიქოლოგს ანა მეუნარგიას.

რა პერიოდს მოიცავს სქესობრივი მომწიფების პერიოდი?

მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა ანუ პუბერტატის ასაკი გოგონებში 10-11, ხოლო ბიჭებში ცოტა მოგვიანებით 11-12 წლიდან იწყება. ამ დროს ადამიანის სხეულში მთელი რიგი ცვლილებები მიმდინარეობს. გოგონებში პირველი ნიშანია მკერდის ზრდა, ბიჭებში სათესლე ჯირკვლების, შემდგომ ბოქვენსა და იღლიაში გათმიანება, ხმის ტემბრის ცვლა, სხეულის არაპროპორციული ზრდა ხშირად  განაპირობებს გარკვეულწილად პრობლემების წარმოქმნას. თუკი აქამდე ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ რაიმე ფაქტს, ამ პერიოდში ჰგონიათ, რომ გარშემომყოფებისგან მეტი ყურადღება ექცევათ. პუბერტატის ასაკში ბავშვები არიან ემოციურად ლაბიალურები, ასევე ხშირია ხასიათის ცვლა.

იჩენს თუ არა თავს გარკვეული პრობლემები მშობელსა და ბავშვს შორის ურთიერთობისას და როგორ უნდა რეაგირებდნენ რთულ ასაკზე მშობლები ?

როდესაც ოჯახში ბავშვის ჰარმონიული განვითარება ხდება, არის მეგობრული დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, წესების დადგენით და შექმნილია თბილი გარემო ბავშვის ადაპტაციისთვის, ნაკლებია ბავშვსა და მშობელს შორის დაძაბული  ურთიერთობა. მშობელი ვალდებულია დაინახოს ბავშვის, როგორც ვიზუალური, ისე ემოციური საჭიროებები. თუკი ამ ყოველივეს დანახვა ადრეული ასაკიდან ხდება, მოზარდობაში ჰორმონალური დისბალანსი ისეთი მტკივნეული აღარაა, როგორიც გარდატეხის ასაკს ახასიათებს. მშობელს უნდა ესმოდეს ბავშვის  ადრეული ასაკიდან, ხვდებოდეს მის საჭიროებებსა და შესაბამისად, მათ შორის დამოკიდებულებაც ჰარმონიულად ჩამოყალიბდება.

რა შემთხვევაში უნდა ჩააყენოს მშობელმა ფსიქოლოგი საქმის კურსში?

ფსიქოლოგის ცნების გაგებისა და საჭიროების ტენდენცია დღესდღეობით შეიცვალა. ფსიქოლოგები, რომლებიც რეკომენდაციებს გასცემენ, მშობლებისთვის სასარგებლოა და ეს აშკარაა. ადრეული ასაკიდან თამაშით, ხატვით, ზრდასრულების შემთხვევაში კი საუბრით ხდება პრობლემების აღმოფხვრა. თუკი მშობელს უჭირს მოზარდთან ურთიერთობის მოგვარება, ბავშვი გაღიზიანებულია, ვატყობთ, რომ მძიმე განცდების წინაშეა, თავის გაკონტროლება უჭირს და ფიქრობს, რომ საკუთარ თავს ზიანი მიაყენოს, აუცილებელია ფსიქოლოგის ჩართვა. ხშირია, როდესაც ფდიქოლოგთან ერთად ფსიქიატრიც ერთვება და გარკვეული მედიკამენტის დანიშვნისა და ფსიქოლოგთან თერაპიული კურსის გავლით ხდება პრობლემის აღმოფხვრა. თუკი ასეთი ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე, მოზარდებში კვირაში ერთხელ 3-დან 8 თვემდე ვატარებთ კონსულტაციებს. თუმცა, ესეც ინდივიდუალურია, დამოკიდებულია პრობლემის სიღრმეზე, ოჯახურ სიტუაციაზე, მშობლისა და ბავშვის სრულ მზაობაზე. ყოფილა შემთხვევა, როდესაც წელიწადიც და მეტიც დაგვინიშნავს კონსულტაცია. ეს იმაზეა დამოკიდებული რამდენად მძიმედ აღიქვამს მოზარდი გარკვეულ ემოციურ ცვლილებებს და ასევე, რამდენად მოგვცემს საშუალებას ერთად ვიმუშაოთ ამგვარი სტრესული სიტუაციიდან თავის დაღწევაზე. აუცილებელია მშობლისა და ბავშვის შეთანხმებული ურთიერთობა. მნიშვნელოვანია ორივე მხარის გათვალისწინება თერაპიის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისას. პრაქტიკაში მოზარდის მდგომარეობა სტაბილურდება. უმჯობესდება მოზარდის ქცევა და ემოციური მდგრადობა.

უქმნის თუ არა მოზარდს პრობლემას პანდემიის თანმდევი პროცესები ?

 პანდემიამ ყველაფერი გაართულა. ადამიანს ესაჭიროება განტვირთვა. ყველასათვის კომფორტულია გარემოს ცვლა და ერთგვაროვანი სიტუაციებიდან თავის დაღწევა. მაგალითად, როდესაც მოზარდი ნახევარ დღეს ატარებდა სკოლაში თანატოლებთან ურთიერთობისას, დადიოდა გარკვეულ წრეზე, მისთვის, ასე რომ ვთქვათ, ერთგვარი შვება იყო, როცა იცვლიდა გარემოს, ემოციას და შედარებით აბალანსებდა სიტუაციას. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ვირუსმა ამის შესაძლებლობა გარკვეულწილად შეზღუდა. ფსიქოლოგიური პრობლემები არა მხოლოდ მოზარდებში, არამედ ზრდასრულებშიც წარმოიქმნა. განსაკუთრებული სიფრთხილით და გაგებით უნდა მოეკიდონ მშობლები ამ პერიოდში გარდატეხის ასაკში მყოფ შვილებს – მეტად იურთიერთონ მათთან და ჯერ ოთახში, შემდეგ კი საკუთარ თავში ჩაკეტვის საშუალება არ უნდა მისცენ. იმედია, მალე ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგება!

                                                                                        მასალა მოამზადა ნუცი მეხრიშვილმა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები