ბავშვის აღზრდის 4 საფეხური – ტიბეტური მეთოდი!

ბავშვის აღზრდა არ არის მარტივი. მშობლებზე და იმ გარემოზე, რომელშიც ბავშვები იზრდებიან, ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. სხვადასხვა ქვეყანაში აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული და უნიკალური ხედვები აქვთ. ამჯერად ვნახოთ, აღზრდის როგორ მეთოდებს მიმართავენ ტიბეტელები.

როგორც ცნობილია, ტიბეტელები განსაკუთრებული მოთმინების უნარით და სიბრძნით გამოირჩევიან. მათ განსხვავებული შეხედულება აქვთ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას აძლევთ, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული, კონკურენტუნარიანი შვილები აღზარდონ.

ტიბეტური სიბრძნე ბავშვის აღზრდის თვალსაზრისით 4 ძირითადი ეტაპის გავლას ითვალისწინებს.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

პირველი ეტაპი – სანამ ბავშვი ხუთი წლის გახდება:

ტიბეტური აღზრდის მეთოდის თანახმად, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვს ისე უნდა ესაუბროთ, როგორც მეფეს, ან დედოფალს. მშობლები 5 წლამდე ბავშვებს არაფერს უკრძალავენ. ისინი თვლიან, რომ ამ ასაკში მოზარდებს არ შეუძლიათ ლოგიკური დასკვნების გამოტანა.

თუ რაიმეს სახიფათოს გააკეთებენ, მშობლები ცდილობენ არა სიტყვებით, არამედ ემოციებით აგრძნობინონ მათ საფრთხის, არასწორი ქმედების შესახებ, რადგანაც მიიჩნევენ, რომ  ბავშვები ემოციებით უფრო მარტივად აღიქვამენ ყოველივეს.

მეორე ეტაპი – როცა ბავშვი 5-დან 10 წლამდეა:

ტიბეტელები მიიჩნევენ, რომ ამ ასაკის ბავშვებს მკაცრად უნდა მოექცეთ, მაგრამ ამავდროულად, ყურადღებით უნდა იყოთ და სისასტიკე არ უნდა გამოიჩინოთ. სიმკაცრესა და სისასტიკეს შორის ოქროს შუალედი უნდა იპოვნოთ.

სწორედ ამ პერიოდში ვითარდება ინტელექტის შეძენისა და ლოგიკურად აზროვნების უნარი. მნიშვნელოვანია, რომ შვილს დაუსახოთ სხვადასხვა მიზნები და ადევნოთ თვალყური იმას, თუ რა მეთოდებით ცდილობს ის ამ მიზნების მიღწევას.

ასე ბავშვს გამოუმუშავდება პასუხისმგებლობის გრძნობა. ნუ შეგეშინდებათ, ბავშვს გადასაჭრელად ბევრი ამოცანა დაუსახეთ, ბევრი დავალება მიეცით. ტიბეტელები თვლიან, რომ 5-დან 10 წლამდე ბავშვი აბსოლუტურად მზადაა სირთულეებთან შესაჭიდებლად და სირთულეებთან გამკლავებას სწორედ ასე სწავლობს.

მესამე ეტაპი – როცა ბავშვი 10-დან 15 წლამდეა:

ტიბეტური სიბრძნის მიხედვით, ამ ასაკის ბავშვს თანასწორივით უნდა მოეპყროთ. რა თქმა უნდა, თქვენ უფრო დიდი ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ, ვიდრე მას, მაგრამ ბავშვს უნდა მისცეთ საშუალება გამოთქვას საკუთარი აზრი სხვადასხვა საკითხებზე, ჰკითხეთ მას რჩევა და ასევე გაუზიარეთ თქვენი შეხედულებები.  შედეგად, მოზარდს დამოუკიდებლობის განცდა გაუჩნდება, განცდა იმისა, რომ მასაც შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით თავისი წვლილი შეიტანოს.

მეოთხე ეტაპი – როცა მოზარდი 15 წელს გადასცდება:

ამ ასაკში უკვე ფორმირებულია მოზარდის პიროვნული მახასიათებლები და ახლა მის მიმართ პატივისცემის გამოჩენა გმართებთ.  ახლა შეგიძლიათ მისცეთ შვილს რჩევები, თუმცა სწავლებისგან თავი შეიკავეთ. ეს ის ასაკია, როცა მისთვის რაიმის სწავლება უკვე დაგვაიანებულია. ახლა უკვე ხედავთ თქვენი აღზრდის მეთოდების შედეგს – თქვენი შვილი დამოუკიდებელია, თავდაჯერებული, კონკურენტუნარიან და მზადაა გამოწვევების წარმატებით დასაძლევად.

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები