ამირან გამყრელიძე: ინფექციების დამთხვევამ შესაძლოა გაამწვავოს ვითარება

ნოემბრიდან სხვა რესპირაციული ვირუსები იწყება – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.
აუცილებლად უნდა გვქონდეს მზადყოფნა. გუშინწინ, ფრანგული წარმოების 25 000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ოთხვალენტიანი ვაქცინა შემოვიდა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში დღეს განაწილდა.
”სახელმწიფოს 135 000 დოზაზე აქვს კონტრაქტი. პირველ ეტაპზე ეს დოზა გამოიყენება, ყველაზე მაღალი რისკჯგუფებისთვის. ესენია: ორსული ქალბატონები, მოხუცებთა თავშესაფარში მყოფი ადამიანები, ბავშვთა სახლების ბინადრები, ბაგა-ბაღების სააღმზრდელო პედაგოგები, შიდსიანი, ჰეპატიტიანი და დიალიზით ავადმყოფები. შემდგომ დანარჩენი დიდი რისკჯგუფები აიცრებიან: სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი და სხვა
ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, 65 წელს ზემოთ.  ამასთან, ვმუშაობთ, რომ დამატებით კიდევ სახელმწიფომ 100 ათასი დოზის მობილიზაცია გააკეთოს, რომლის შემოსვლის ალბათობა არის ისევ და ისევ ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის შუა რიცხვები”.– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ოქტომბრის ბოლოდან სხვა რესპირატორული ინფექციებიც გააქტიურდება და კორონავირუსისა და ამ ინფექციების დამთხვევამ შესაძლოა გაამწვავოს ვითარება.
„მოგეხსენებათ, რომ ნოემბრიდან სხვა რესპირაციული ინფექციები აქტიურდება ქვეყანაში. მათ შორის, ალბათ, ნოემბერში გამოჩნდება გრიპის ვირუსიც და კიდევ სხვა ვირუსები იწყებენ ცირკულაციას. იქნება გარკვეულწილად ზედდება. ამაზე ორი მოსაზრებაა, რომ ამ ზედდებამ შეიძლება შეამსუბუქოს გრიპის მიმდინარეობა და სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილება ამას გვიჩვენებს და მეორე მხრივ, ამ ზედდებამ შეიძლება, პირიქით,
სინერგიის ეფექტით, გააძლიეროს, ამიტომ მზადყოფნა უნდა იყოს,“ – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მალე სკოლის მასწავლებლების და ბაღის აღმზრდელების ე.წ. რანდომული ტესტირება დაიწყება.
“თუ ერთი მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა სკოლის სრული იზოლირება არ ხდება. კლასი გადადის ონლაინ სწავლებაზე, მასთან შემხებლობაში მყოფი მოსწავლეები და მასწავლებლები გადადიან თვითიზოლაციაში. ასეთი წერტილოვანი შეზღუდვები თბილისის მასტაბით განხორციელდება არა მხოლოდ სკოლებში, არამედ დიდ
დაწესებულებებშიც. ასევე იქნება ბაღების შემთხვევაშიც. ჯგუფი გადავა თვითიზოლაციაში. ბაღის დეზინფექცია გაკეთდება, მოხდება ხშირი განიავება და სველი წესით დალაგება. თუ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ბაღში, გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მივიღებთ”, – განმარტა გამყრელიძემ.

                                                                           მასალა მოამზადა ნათია ხარბედიამ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები